ტობას მეორე მღვიმე და ონიორეს ჩანჩქერი

ტობის მეორე მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე იწყება 5 მ სიგანისა და 5 მ სიმაღლის შესასვლელით, რომელიც გადადის გუმბათოვან დარბაზში. აქედან იგი სწორხაზოვნად ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. შესასვლელიდან 150-160 მეტრზე უხვევს აღმოსავლეთისაკენ და თავდება სიფონით. მღვიმე მოიცავს სამ განშტოებას. ძირითადი განშტოება შედგება სამი დარბაზისაგან, რომელთაგან ყველაზე დიდია მეორე (15X15მ). მღვიმის ჯამური სიგრძეა 235 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სანთლისებური სტალაგმიტები, ფარდები და მიკროსტალაქტიდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები. მღვიმე დინამიურია. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსია. მღვიმიდან გამოედინება წყლის უხვი ნაკადი, რომელიც ზედაპირზე წარმოქმნის ონიორეს ჩანჩქერს (80-85 მ). მღვიმური ნაკადი შუა ნაწილში განავითარებს ელიფსური ფორმის (8,5X6 მ.), ხოლო სათავეში – სიფონურ ტბას. წყლის ტემპერატურა 10.2 გრადუსს, ხოლო დებიტი – 42 ლ/წ. შეადგენს. მღვიმეში ბინადრობს ღამურები, ობობები და მწერები. მღვიმე ძნელად მისავალია. აქვე, ჩანჩქერის ძირთან ახლოს არის ბზის უნიკალური კორომი.
აბაშის ჩანჩქერი.
აბაშის ჩანჩქერი (ზ.დ. 760 მ) მდ. აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადიდან ვითარდება. იგი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა 30 მ სიმაღლიდან. წყალვარდნილი ძირში ქმნის ორმოს, რომლის დიამეტრი 12 მეტრია. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის ორი მომცრო ჩანჩქერი. მათ დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. ჩანჩქერის მიდამოები ხშირი ტყითაა დაფარული. ყურადღებას იპყრობს საკმაოდ ძნელად გასავალი ტევრები. აქვე მდებარეობს რაჩხა, კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით.
ბეჭდვა