სალხინოს სასახლე

კიდევ ერთ არქიტექტურულ ნიშანსვეტს სალხინოს სასახლე წარმოადგენდა, რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახდნენ, ხოლო რატომ, ქვემოთ გახდება ნათელი. სასახლე თავდაპირველად მარტვილის ეკლესიის მახლობლად, სოფელ სალხინოში აშენდა დავით დადიანის მამის ლევან V დადიანის მეფობისას (1804-1840), სადაც ადრე მოკრძალებული ზომის სამეფო რეზიდენცია იყო, თუმცა შენობამ საბოლოო სახე კარგა ხნის შემდეგ მიიღო. სამშენებლო მასალა ამ ადგილზე გლეხებმა მოზიდეს, რისთვისაც ურმებში შებმული 100 წყვილი ხარისა და კამეჩის გამოყენება დასჭირდათ, ქვედა სართულის დიდ დარბაზში იყო ჩაშენებული ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბაკქუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული. სალხინოს კომპლექსში აგრეთვე შედიოდა უზარმაზარი, 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის, ღვინის მარანი. ქართველი ისტორიკოსი იონა მეუნარგია ამ სასახლის შესახებ ასე წერდა:
„სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა... სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“.
გორდის სასახლის მსგავსად, სალხინოს სასახლე, საბჭოთა რეჟიმის დროს გაიძარცვა და განადგურდა და თანაც ეს სოციალური თანასწორობის სახელით კეთდებოდა; შედეგად, სასახლისაგან მხოლოდ გამოშიგნული ნაჭუჭიღა დარჩა.
ბეჭდვა